Abstract
ქართული ფარმაცევტული ბაზრის მიმოხილვითა და შედარებითი ანალიზის გამოყენებით დადგინდა
ყველაზე ხშირად გაყიდვადი ოთხი ფარმაკოლოგიური ჯგუფის-ანალგეზიური და სიცხის დამწევი,
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული, აგფ ინჰიბიტორი ჰიპოტენზიური და ანტიბაქტერიული
მედიკამენტების საშუალო საბითუმო გასაყიდი ფასები წლების მიხედვით და გაანალიზებული იქნა
აღნიშნული მედიკამენტების ფასებსა და მათ ცვლილებებზე მოქმედი შიდა ფაქტორები 2007-2016
წლებში. მედიკამენტების ფასებზე მოქმედი შიდა ფაქტორებიდან გამოიკვეთა “პარალელური იმპორტის
შესახებ“ მიღებული საქართველოს კანონის მოქმედების დადებითი ეფექტი, რომელსაც გარკვეულ
მედიკამენტებზე ფასების შემცირება მოჰყვა და უარყოფითი ეფექტი, რამაც გამოიწვია მაღალი ფასის
მქონე მედიკამენტების შემომტანი რამოდენიმე უცხოური ფარმაცევტული ფირმის წარმომადგენლობის
დახურვა. მედიკამენტზე მოქმედი შიდა ფაქტორებიდან აღსანიშნავია სამამულო წარმოების
მედიკამენტებზე ფასწარმოქმნის წესებისა და სტანდარტების არქონა. ქვეყანაში წარმოებული
პრეპარატები, მიუხედავად მაღალი რეალიზაციისა, არ გამოირჩევიან დაბალი ფასით, შესაბამისად,
უცხოურ პრეპარატებს კონკურენციას ვერ უწევენ. ქართულ ბაზარზე, ლიდერი ფარმაცევტული
კომპანიების პროექტის - ეკონომშეფუთვის მქონე ჯენერიკების შემოტანა-რეალიზაცია განიხილება,
როგორც მედიკამენტის გასაყიდ ფასზე მოქმედი მნიშვნელოვანი შიდა ფაქტორი, რამაც გამოიწვია
ჰოსპიტალური და სადაზღვეო სექტორის ფართოდ ათვისება და შესაბამისად, საინექციო
ანტიბაქტერიულ საშუალებებზე ფასების შემცირება. 2013-2014 წლებში საყოველთაო ჯანმრთელობის
პროგრამის ამოქმედების მიუხედავად გარდა ანტიბიოტიკების ფასებისა, სხვა მედიკამენტებზე ფასები არ
შეცვლილა. პროგრამის ძალაში შესვლა თებერვლის თვეს დაემთხვა და წლის ამ პერიოდისათვის
დამახასიათებელი დაავადებების ფონზე, ანტიბიოტიკების რეალიზაცია გაიზარდა, შედეგად შემცირდა
მათი ფასებიც. აღმოჩნდა, რომ პოლიპრაგმაზია, როგორც შიდა ფაქტორი, გავლენას ახდენს მედიკამენტის
რეალიზაციაზე და შესაბამისად, ფასზეც. პრობლემის აღმოსაფხვრელად, საჭიროა ამოქმედდეს უწყვეტი
სამედიცინო განათლების სისტემა - ფართედ დანერგოს სენფორდის “ანტიბაქტერიული თერაპიის
გაიდლაინი” და მედიკამენტის მოქმედების შესახებ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჩატარებული
კვლევების მონაცემთა გაზიარება. მედიკამენტის ფასებზე მოქმედი შიდა ფაქტორებიდან აღსანიშნავია
„ქართული შეფუთვის შესახებ“ 1997 წელს მიღებული საქართველოს კანონი, რომლითაც აუცილებელი
გახდა იმპორტიორი კომპანიიდან მედიკამენტის, მისი ქართული შეფუთვის და ქართული ანოტაციის
შესყიდვა, რამაც წამლის თვითღირებულების და ფასის ზრდა გამოიწვია. ფორმა N3 რეცეპტის
ინსტიტუტის შემოღება, რასაც შედეგად მედიკამენტების რეალიზაცის შემცირება და დაბალი
რეალიზაციის კომპენსირების მიზნით ფასების ზრდა მოჰყვა, განიხილება როგორც მედიკამენტის ფასზე
მოქმედი მნიშვნელოვანი შიდა ფაქტორი.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2024 Zurab Kikvidze, Elza Nikoleishvili