Abstract
2006 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეკომენდაცია „პაციენტთა უსაფრთხოების
მართვა და არასასურველი მოვლენების პრევენცია ჯანდაცვაში”, რომლითაც წევრ სახელმწიფოებს
მოუწოდა შეემუშავებინათ პაციენტთა უსაფრთხოების პოლიტიკის თანმიმდევრული და ამომწურავი
საკანონმდებლო ჩარჩო, ხელი შეეწყოთ პაციენტთა უსაფრთხოების შემთხვევების შეტყობინების სისტემის
დანერგვისთვის, სასწავლო პროგრამების შემუშავებისთვის, პაციენტთა უსაფრთხოების სარწმუნო
მაჩვენებლების დადგენისა და რეგულარული ანგარიშების წარმოებისთვის. საქართველოს
ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობაში პაციენტის უსაფრთხოებაზე, როგორც ცალკე აღებულ
დეფინიციაზე, ყურადღება გამახვილებული არ არის, ხოლო პაციენტის უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული ცალკეულ კომპონენტები (სამედიცინო აღჭურვილობის უსაფრთხოება, სამედიცინო
დაწესებულების შიდა გარემოს უსაფრთხოება, მცდარი სამედიცინო ქმედება და ა.შ.) მხოლოდ
ნაწილობრივადაა რეგულირებული. საქართველოს კანონმდებლობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, კანონებს: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის შესახებ“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“, „პაციენტის უფლებების შესახებ“ ჯანდაცვის
საკანონმდებლო ბაზა მოიცავს რიგ ბრძანებებსა და დადგენილებებს სამედიცინო მომსახურების
პროცესთან ასოცირებული რისკებისა და პაციენტთა უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ:
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება №128/ნ (02.10.2000) - „სამედიცინო ეთიკის კომისიის
დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის დადგენილება № 385 (17.12.2010) –
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა
და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. ნებართვის მაძიებელმა ნებართვის
მისაღებად ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულ
დოკუმენტაციასთან ერთად დამატებით უნდა წარადგინოს: ფართობის ფლობის დამადასტურებელი
დოკუმენტი და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაცემული
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია რადიოლოგიური მომსახურების( მათ შორის,
კომპიუტერული კვლევა და რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა) განხორციელების შემთხვევაში (1998
წელს ხელი მოეწერა საქართველოს კანონს ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“).
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებში № 01-63/ნ (12.09.2012) – ,,სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში
სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების შეფასების შიდა
სისტემის ფუნქციონირების შესახებ“ ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ხარისხის მართვის სისტემამ
კონტროლი და მონიტორინგი უნდა განახორციელოს სანებართვო პირობების შესრულებაზე,
ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის გამართულ მუშაობაზე, სამედიცინო პერსონალის
კვალიფიკაციაზე, სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის უზრუნველყოფაზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებას №01- 25/ნ
(19.06.2013) - ,,სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციის განსაზღვრისა და პირველადი ჯანმრთელობის
დაცვის დაწესებულების მინიმალური მოთხოვნის დამტკიცების შესახებ“ ასევე გათვალისწინებულია
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით №64 (15.01.2014) – „ტექნიკური რეგლამენტი - სამკურნალოპროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების სანიტარული
წესების დამტკიცების შესახებ“ სავალდებულოა, რომ თითოეული დაწესებულების მიერ შემუშავდეს
ნარჩენების შეგროვებისა და გატანის დეტალური გეგმა. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება N01-38/ნ (2015
წლის 7 სექტემბერი) ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის პრევენციისა და კონტროლის
წესების დამტკიცების შესახებ, განსაზღვრავს ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის,
პრევენციისა და კონტროლის განხორციელების წესს სამედიცინო სერვისების მიმწოდებელთათვის.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2024 Salome Gudavadze, Otar Vasadze