Abstract
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით “პაციენტთა უსაფრთხოება არის ჯანდაცვის
სერვისების მიწოდება პაციენტისთვის იმ ზიანის გარეშე რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია.”
არსებობს მრავალი კვლევა, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვაში არსებული ხარვეზები შესაძლოა თავად
წარმოადგენდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს. ჯანმოს პაციენტთა
უსაფრთხოების ალიანსი 2004 წლიდან მუშაობს საერთაშორისო დონეზე პაციენტთა უსაფრთხოების
ხელშეწყობისთვის. უსაფრთხოების კულტურა არის ორგანიზაციული კულტურის ის ნაწილი, რომელიც
უშუალოდ ეხება ორგანიზაციაში უსაფრთხოების მიმართ დამოკიდებულებას. პაციენტთა
უსაფრთხოების კულტურის შეფასება ხდება უსაფრთხოების კლიმატის გაზომვით, რაც შესაძლებელია
მრავალი სახვადასხვა ინსტრუმენტით. ჰოსპიტალის დონეზე ყველაზე ხშირად გამოყენებული
კითხვარებია უსაფრთხოების დამოკიდებულებების კითხვარი (Safety attitudes questionnaire, SAQ), და
პაციენტთა უსაფრთხოების კულტურის ჰოსპიტალური კითხვარი (Hospital Survey on Patient Safety Culture).
ორივე კითხვარი ნათარგმნია მრავალ ენაზე და ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
პაციენტთა უსაფრთხოების კულტურის კვლევებში. პაციენტთა უსაფრთხოების კულტურა
საქართველოში ჯერ კიდევ ჩანასახოვან დონეზეა. არის ერთეული კვლევები, რომლებიც ძირითადად
ეხება პაციენტთა კმაყოფილებას. სხვადასხვა წყაროებში შეიძლება მინიმალური ინფორმაციის მოძიება
სამედიცინო შეცდომების შესახებ. ვერ ხერხდება უსაფრთხოების კულტურის შეფასების შესახებ
კვლევების იდენტიფიცირება. სადოქტორო კვლევის ფარგლებში 2017-2019 წლის განმავლობაში
დაგეგმილია საქართველოში პაციენტთა უსაფრთხოების კულტურის პირველი ფართომასშტაბიანი
კვლევა. ამ მიზნით მომზადდება ვალიდირებული ინსტრუმენტის ქართული ვერსია. დაგეგმილია
მომზადებული კითხვარის აპრობაცია თბილისი რამდენიმე საავადმყოფოში. მომზადებული
ინსტრუმენტით მოხდება პაციენტთა უსაფრთხოების კულტურის შეფასება საქართველოს სხვადასხვა
რეგიონის პროვაიდერებში. აღნიშნული კვლევის ფარგლებში მომზადდება საქართველოში პაციენტთა
უსაფრთხოების კვლევის, შეფასების და გაუმჯობესების პლატფორმა. მკვლევარები და ორგანიზაციები
შეძლებენ მომზადებული ინსტრუმენტების გამოყენებას საავადმყოფოში პაციენტთა უსაფრთხოების
კულტურის შეფასებისთვის. მიღებული მონაცემები შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ნიშნული
(benchmark) შედარებისა და გაუმჯობესებისათვის. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხო
ხარისხიანი ჯანდაცვა ღირებული და სასურველია ნებისმიერი საზოგადოებისთვის. ამ ეტაპზე არ არის
ნათელი, თუ რამდენად შეუძლია საქართველოს ჯანდაცვას საზოგადოების ჯანმრთელობის და
უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დაგეგმილი კვლევა მხოლოდ ერთი ნაბიჯია ამის გარკვევისთვის და
მომავალში პაციენტთა უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2024 Nikoloz Gambashidzr, Nata Khazakhashvili