Abstract
გაანალიზებული იქნა 2014-2015 წწ ჩათვლით სამედიცინო სერვისების მისაღებად საზღვარგარეთ
გამგზავრებული 670 საქართველოს მოქალაქის ქეისი. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ
დაფინანსებული იყო 391 (საერთო რაოდენობის 61.1%), თბილისის მერიის მიერ - 253 (37.7 %), ხოლო
ფონდ „სოლიდარობის“ მიერ - 26 (1.2%) პაციენტი. სულ სამედიცინო სერვისების მისაღებად
საზღვარგარეთ გამგზავრებულ პაციენტთა შორის 52,7% იყო მამრობითი სქესის, ხოლო 47,3% -
მდედრობითი. სამედიცინო სერვისების მისაღებად საზღვარგარეთ გამგზავრებულ საქართველოს
მოქალაქეთა ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფამ ცხადყო, რომ ყველაზე მეტი - 123 პაციენტი (საერთო
რაოდენობის 18.4%) 0-5 წლის ასაკისა იყო. მომდევნო ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი - 101 პაციენტი
(საერთო რაოდენობის 15.1%) 6-15 წლის ასაკობრივ ჯგუფს წარმოადგენდა. სამედიცინო მომსახურების
მისაღებად საზღვარგარეთ გამგზავრებულ საქართველოს მოქალაქეთა მესამედზე მეტი (33.5%) ბავშვები
იყვნენ, რაც აუცილებელს ხდის შეფასდეს ქვეყანაში არსებული პედიატრიული სერვისების სპექტრი და
ხარისხი. სამედიცინო ტურიზმის ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა გამგზავრების
მიზეზები შესაძლებელია პირობითად 4 ჯგუფად დავყოთ - დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია
და წამლების შეძენა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 11 პაციენტს დაუფინანსდა როგორც დიაგნოსტიკა,
ისე მკურნალობა, ანუ 670-მა პაციენტმა მოიხმარა 686 სერვისის ერთეული. აღნიშნული შემთხვევებიდან
151 (22%) იყო სადიაგნოსტიკო, 477 (69%) - სამკურნალო, 42 (6%) სარეაბილიტაციო და 16 შემთხვევაში
(3%) მოხდა წამლის შეძენა. არსებული სტატისტიკური მასალის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ
ქართველი პაციენტები უმრავლეს შემთხვევაში სამკურნალო თუ სხვა სამედიცინო სერვისის მისაღებად
თურქეთს სტუმრობდნენ (შემთხვევათა საერთო რაოდენობის 63%). შემდგომ მოდის გერმანია, სადაც
სამედიცინო მომსახურების მისაღებად გაემგზავრა პაციენტთა საერთო რაოდენობის 18%, ისრაელი - 6%,
რუსეთი - 3% და ავსტრია - 2%. დანარჩენ ქვეყნებში, როგორიცაა უკრაინა, ბელორუსია, საფრანგეთი,
პოლონეთი, ჩინეთი, შვეიცარია, სომხეთი, აშშ, იტალია, ფინეთი, ესპანეთი და ჩეხეთი გამგზავრებულ
პაციენტთა წილი მერყეობდა 1.5%-დან 0.3%-მდე, რაც ჯამში პაციენტთა საერთო რაოდენობის 8%-ის
ტოლი იყო. მოპოვებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა იმ დაავადებათა 13 ძირითადი
კლასი, რომელთა სამკურნალოდაც საზღვარგარეთ მიემგზავრებოდნენ პაციენტები. ესენია: ინფექციური
და პარაზიტული დაავადებები, ახალწარმონაქმნები, ენდოკრინული სისტემის, კვების, ნივთიერებათა
ცვლის და იმუნიტეტის დარღვევები, სისხლის და სისხლმბად ორგანოთა დაავადებები, ნერვული
სისტემის და გრძნობათა ორგანოების დაავადებები, სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები,
სასუნთქ ორგანოთა დაავადებები, საჭმლის მომნელებელ ორგანოთა დაავადებები, შარდ-სასქესო
სისტემის დაავადებები, ძვალკუნთოვანი სისტემის და შემაერთებელ ქსოვილთა დაავადებები,
თანდაყოლილი ანომალიები, სიმპტომები და არაზუსტად აღნიშნული მდგომარეობები, ტრავმები და
მოწამვლები. ყველაზე ხშირად საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები მიემგზავრებოდნენ კიბოს
დიაგნოსტიკის ან მკურნალობის გამო. ასეთ შემთხვევათა რაოდენობა 300 იყო, რამაც დიაგნოზების
საერთო რიცხვის 42.8% შეადგინა. პაციენტთა მიერ საზღვარგარეთ მოხმარებული სამედიცინო
მომსახურების ფინანსური ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად
საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ გამგზავრების 670 შესწავლილი შემთხვევის დასაფინანსებლად
დაიხარჯა ჯამში დაახლოებით ათი მილიონი ლარი. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიღებულ სერვისებს
შორის ჭარბობდა სამკურნალო პროცედურები. აღნიშნული კვლევის საფუძველზე ნათლად ჩანს ქვეყანაში
კიბოს სადიაგნოსტიკო და სამკურნალო სერვისების განვითარების აუცილებლობა, რაც საშუალებას
მისცემს მოსახლეობას, ნაკლები ფინანსური დანახარჯებით საკუთარ სამშობლოში მიიღოს საჭირო
სამედიცინო მომსახურება, რათა ის თანხები რომლებიც საზღვარგარეთ გადის, დარჩეს ისევ ქვეყნაში და
კვლავ პაციენტებსა და სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებას მოხმარდეს.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2024 Tinatin Churadze, Otar Vasadze