Abstract
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO, 2015) მონაცემების მიხედვით დაახლოებით 130-150
მილიონი ადამიანი არის დაავადებული C ჰეპატიტით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამასთანავე HCV-ით
გამოწვეული ღვიძლის დაზიანება ხდება ყოველწლიურად 500,000 ადამიანის სიკვდილის მიზეზი.
საყურადღებოა დაავადების გავრცელების მაღალი მაჩვენებელი სილამაზისა და ტატუს სალონების
სერვისების მომხმარებლ პოპულაციაში. გლობალურ დონეზე არ მოიპოვება რელევანტური
ეპიდემიოლოგიური მონაცემები, ზოგიერთ განვითარებად ქვეყანას კი საერთოდ არ გააჩნია
სტატისტიკური მონაცემები დაავადების პრევალენტობასთან დაკავშირებით. საკითხის შესწავლისთვის
გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემთა ბაზა: CINAHL Plus with Full Text, Medline და PubMed.
ლიტერატურა მიმოიხილავს კვლევებს, სადაც სამიზნე ჯგუფები არიან: სტილისტები, სილამაზისა და
ტატუს სალონში მომუშავე პერსონალი. ლიტერატურული წყაროების შესწავლით გამოვლინდა რომ
სხვადასხვა ქვეყნებში პერიოდულად ტარდება კვლევები C-ჰეპატიტის გავრცელების პრევენციაზე
მიმართული ღონისძიებების ცოდნისა და მათი გამოყენების შესახებ სილამაზის სალონების პერსონალს
შორის. არსებულმა ლიტერატურამ ნათლად წარმოაჩინა, რომ ჯანმრთელობისა და სილამაზის
ინდუსტრიაში მომუშავე პერსონალის საფრთხის შემცველი ქცევა ასოცირებულია სისხლის გზით
გადამდები დაავადებების, და მათ შორის, C ჰეპატიტის გავრცელების მაღალ მაჩვენებელთან.
ესთეტიკური მედიცინა არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მსოფლიო ბაზარზე. ეს
ფაქტი თავის მხრივ განაპირობებს სილამაზის სერვისების ყოველწლიურად ზრდას, რაც ხშირ
შემთხვევაში მოიცავს ინვაზიურ პროცედურებს. პერსონალის რისკიანი ქცევა საფრთხის შემცველია
როგორც პერსონალისთვის ასევე სერვისის მომხმარებლებისთვის. არსებობს სილამაზის სალონებისა და
კლინიკებისთვის სპეციალურად შემუშავებული ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების
გაიდლაინები, თუმცა, პერსონალის მიერ სტანდარტების დარღევევა საკმაოდ ხშირად ხდება.
ლიტერატურის ძიების პროცესში რამოდენიმე სტატია იქნა ნაპოვნი, რომელიც აფასებს C ჰეპატიტის
პრევალენტობას, ცოდნას, დამოკიდებულებას და პრაქტიკას სტილისტებს შორის შემდეგ გეოგრაფიულ
რეგიონებში: ეგვიპტე, პაკისტანი ობუასის მუნიციპალიტეტი-განა, სანა სითი-იემენი, ბრაზილია,
თურქეთი. აღნიშნულ კვლევებში მონაცემთა შეგროვებისთვის ავრტორებმა გამოიყენეს შემდეგი
მეთოდები: პირდაპირი ინტერვიუ პერსონალთან და დაკვირვება მუშაობის პროცესზე. ინტერვიუ
მოიცავდა შემდეგ მახასიათებლებს: სოციალური, დემოგრაფიული მონაცემები, ზოგადი განათლების
დონე, ცოდნის დონე დაავადებასთან მიმართებაში. ამავე დროს ჩატარდა სისხლის ტესტი, რათა
გამოევლინათ პერსონალში დაავადების გავრცელების დონე. კვლევებმა აჩვენა, რომ პერსონალში
დაავადების გადაცემის გზების შესახებ ცოდნის დონე არის საშუალო, მიუხედავად ამისა, დაავადების
პრევენციისა და ინსტრუმენტთა სტერილიზაციის, უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ ცოდნის დონე
დაბალია. ავტორის რეკომენდაციით აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს პერსონალის ცნობიერების
დონის ამაღლება უსაფრთხოების წესების დაცვით დაავადების პრევენციასთან მიმართებაში. კვლევებმა
გამოავლიმა მთავრობის ისეთი რეგულაციების დეფიციტი როგორიცაა - სილამაზის სალონებში
ინფექციების კონტროლი. აქედან გამომდინარე ავტორების რეკომენდაციით სასურველია გატარდეს
ღონისძიებები, რათა ამაღლდეს პერსონალის ცნობიერებისა და განათლების დონე HCV-სთან
მიმართებაში, გამკაცრდეს მთავრობის რეგულაციები. 2010 წ. პაკისტანში და 2011 წ. თურქეთში
ჩატარებული კვლევებით გამოიკვეთა, რომ განათლებისა და ცნობიერების დონის ამაღლება
მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პერსონალის მუშაობის ხარისხს, და შესაბამისად ამცირებს დაავადების
ინციდენტობას. პერსონალის ტრენინგები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ მათი ცოდნის დონეს.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2024 Xatia Antia, Otar Vasadze