Abstract
შესავალი: საშვილოსნოს ყელის კიბო დღეს მთელ მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი პრობლემაა. განვითარებად ქვეყნებში ის ქალების ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა.
აღსანიშნავია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია სკრინინგითა და HPV
ვაქცინაციით. სკრინინგი ისევე, როგორც ვაქცინანცია საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ
საბრძოლველად უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა. დაახლოებით ერთ მილიონზე მეტი ქალი მსოფლიოს
მასშტაბით ცხოვრობს საშვილოსნოს ყელის კიბოს დაავადებით. ბევრს ხელი არ მიუწვდება
ჯანმრთელობის ისეთ მომსახურებაზე, როგორებიცაა პრევენცია, მკურნალობა ან პალიატური ზრუნვა.
საშვილოსნოს ყელის კიბო არის ადამიანის პაპილომავირუსით (HPV) ხანგრიძლივად მიმდინარე
ინფიცირების შედეგი. საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარება დამახასიათებელია დაბალი და საშუალო
შემოსავლების მქონე ქვეყნების (>80%) მოსახლეობისათვის. მიზანი: კვლევის მიზანია განისაზღვროს
მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე და ხელმისაწვდომობა იმ პროფილაქტიკური
ღონისძიებებისადმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება, ასევე, გამოიყოს ის ძირითადი
პრობლემები, რომელიც პროგრამის განხორციელებას უშლის ხელს. ჩვენ მიერ შედგენილი კითხვარის
მეშვეობით გამოიკითხა 161 ქალი, რომელთა ასაკობრივი კატეგორიაა 20-60 წ. მათ შორის 54% აღმოჩნდა
ინფორმირებული საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციული ღონისძიებების შესახებ. კვლევის მეთოდი:
ინტერნეტ გამოკითხვა; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, სსიპ. ლ. საყვარელიძის სახელობის
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემთა
შეფასება და ეროვნული სკრინინგ ცენტრის წლიური ანგარიშების ანალიზი; კვლევის შედეგი: ძირითადი
პრობლემა არის დაბალი ინფორმირებულობის დონე. ჩვენ მიერ შედგენილი კითხვარის მეშვეობით
გამოიკითხული 161 ქალისგან, მხოლოდ 54% აღმოჩნდა ინფორმირებული საშვილოსნოს ყელის კიბოს
პრევენციული ღონისძიებების შესახებ. 74%–ს არც თვითონ და არც მის ოჯახის წევრს არ უსარგებლია
ეროვნული სკრინინგ პროგრამით გათვალისნებული მომსახურებით. 93%–ს არ აქვს ჩატარებული
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაცია. დასკვნა: ბოლო წლებში ავადობის
მაჩვენებელი შედარებით შემცირდა, რადგან კვლევის ახალი მეთოდების შემოღებამ შესაძლებელი გახადა
კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა. საწყის ეტაპზე ამ დაავადების მკურნალობა საკმაოდ ეფექტიანია: ქალს
მკვეთრად უხანგრძლივდება სიცოცხლე, შეუძლია შეინარჩუნოს ნორმალური ცხოვრების წესი, შრომის და
რიგ შემთხვევებში შვილოსნობის უნარიც.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2024 Teona Gabeshia, Miranda Nonikashvili, Ramaz Urushadze