ჰაერის დაბინძურების გავლენა ზედა სასუნთქი გზების პათოლოგიების სიხშირესა და მიმდინარეობის თავისებურებებზე
PDF

How to Cite

ყურაშვილი მ., & ნიკოლეიშვილი ე. (2018). ჰაერის დაბინძურების გავლენა ზედა სასუნთქი გზების პათოლოგიების სიხშირესა და მიმდინარეობის თავისებურებებზე. Caucasus Journal of Health Sciences and Public Health, 2(2). Retrieved from https://caucasushealth.ug.edu.ge/index.php/caucasushealth/article/view/184

Abstract

ჯანმოს ექსპერტები ჰაერის დაბინძურების დონეს ეკონომიკურად განვითარებულ და ნაკლებად განვითარებულ
ქვეყნებსა და ქალაქებში ყოველწლიურად სწავლობენ. დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქებში საერთო
სიკვდილობა 15-20%-ით აჭარბებს შედარებით სუფთა ქალაქების მაჩვენებელს. ჰაერის დაბინძურება
დაავადებების კრიტიკული რისკ-ფაქტორია, რომელიც გულსისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევათა 25%-ში
იწვევს სიკვდილობას, რესპირატორული ინფექციების შემთხვევაში 29%-ში, ხოლო ფილტვის დაავადებების
შემთხვევაში 43 % -ში. 2016 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებით 4.2 მილიონი ადამიანი მოკვდა. აქედან 3.8
მილიონი ადამიანის სიკვდილი გამოწვეული იყო საყოფაცხოვრებო ჰაერის დაბინძურებით. სამწუხაროდ,
შეინიშნება მატების ტენდენცია. ჯანმო-ს 2017 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება, ყოველწლიურად, 7
მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. ატმოსფერული ჰაერი ძირითადად ბინძურდება
ნახშირჟანგით, ნახშირწყალბადებით, აზოტის ჟანგეულებით, გოგირდის ორჟანგით, ჭვარტლით, ბენზ(ა)პირენით,
ჰაერში შეწონილი წვრილდისპერსიული მყარი ნაწილაკებით (PM10,PM2,5) და ა.შ. დამაბინძურებელი
ნივთიერებები, რომლებიც გამონაბოლქვ აირთან ერთად ხვდება ატმოსფეროში, რეალურ საფრთხეს უქმნის
მოსახლეობის ჯანმრთელობას და პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესებასთან.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ზემოქმედება ბავშვებზე. ისინი, რამდენიმე ფაქტორის გამო,
განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან გარემოს რისკების, განსაკუთრებით ჰაერის დაბინძურების მიმართ. კერძოდ,
ბავშვის ორგანიზმი მზარდია, სხეულის მასისა და სიმაღლის პროპორციის გათვალისწინებით იგი სუნთქავს მეტ
ჰაერს, მოიხმარს მეტ საკვებს და წყალს, ვიდრე მოზრდილი; შესაბამისად, ბავშვებში, მოზრდილებთან შედარებით,
მაღალია ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებული დაავადებების ტვირთი და სიკვდილობა. საქართველოში
ჰაერის ხარისხზე სახელმწიფო მონიტორინგია დაწესებული. დღეისათვის, ჰაერის დაბინძურებაზე დაკვირვება
წარმოებს 6 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზესტაფონი, რუსთავი და ჭიათურა) დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კვლევების მონაცემების თანახმად
საქართველოში (2008-2012) ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილობა იყოფა: ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების შედეგად - სიკვდილის 108000 შემთხვევა, საკვების მომზადებისა და გათბობის მიზნით
გამოყენებული მყარი საწვავის წვის პროდუქტებით შენობებს შიგნით არსებული ჰაერის დაბინძურების შედეგად -
სიკვდილის 36000 შემთხვევა, თამბაქოს კვამლის მეორადი ზემოქმედების შედეგად - სიკვდილის 21000 შემთხვევა.
სულ აღირიცხა 605179 შემთხვევა (პრევალენტობის მაჩვენებელი - 13476.3), მათ შორის 521947 ახალი შემთხვევა
(ინციდენტობა - 11622.8). ახალი შემთხვევების 52% 15 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდიოდა. 2011 წელთან
შედარებით, 2012 წელს რესპირატორული დაავადებების ინციდენტობის მაჩვენებელი ბავშვებში გაიზარდა და
შეადგენდა 35900.5-ს . იელის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველო ჰაერის
დაბინძურების დონით 180 ქვეყნიდან 111 ადგილზეა. გასატარებელი ზომები, რომლებიც ამცირებს
დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობაზე ემყარება ნორმატიულ-საკანონმდებლო
რეგულირებას ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში. ჩვენი კვლევის მიზანია-შესწავლილ იქნას ჰაერის
დაბინძურების ზეგავლენა ზ.ს.გ.-ის ინფექციების გამოვლენის სიხშირესა და დაავადების მიმდინარეობის
თავისებურებებზე ბავშვებში აღნიშნულ მაღალი დაბინძურების ხარისხის 6 ქალაში. კვლევის მეთოდია
რეტროსპექტული. საკონტროლო ჯგუფში შევა პაციენტები „მწვანე ქალაქიდან“ თელავიდან. შესწავლილი იქნება
2006- 2016 წწ -ის პერიოდი. საკვლევ ჯგუფში შევლენ ორსულები, ამ ორსულობიდან დაბადებული ბავშვები 0-5
წლამდე. კვლევის შედეგების მიხედვით საშუალება გვექნება დადგინდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხის
კორელაციური კავშირი რესპირაციული სისტემის - ზ.ს.ს. დაავადებების მიმდინარეობის ხასიათთან და
თავისებურებებთან.

PDF
Creative Commons License

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

Copyright (c) 2018 მაკა ყურაშვილი, ელზა ნიკოლეიშვილი