Abstract
ფარმაკოლოგიური მიღწევებისა და ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარების შედეგად მსოფლიო
ქმნის ძლიერ ფსიქოტროპულ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც დანიშნულებისამებრ გამოყენებისას
აუმჯობესებენ პაციენტის სიცოცხლის ხარისხს, თუმცა ამ მედიკემენტების არარაციონალურად ან/და
არადანიშნულებისამებრ მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული
გართულებები ან ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. მსოფლიოში არსებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების არასამედიცინო მიზნით გამოყენების პრობლემა თანამედროვეობის ერთ-ერთი
სერიოზული გამოწვევაა და პირდაპირ თუ ირიბად, ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვა და
არადანიშნულებისამებრ გამოყენებით მიღებული შედეგები ეხება თითოეულ მოქალაქეს. არასამედიცინო
დანიშნულებით ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების გამოყენების მზარდი ტენდენცია წარმოადგენს გლობალური ჯანდაცვის პრობლემას, რომლის ჭეშმარიტი მასშტაბები უცნობია. ევროპაში, ბენზო
-დიაზეპინის ჯგუფის საშუალებების არადანიშნულებისამებრ გამოყენება მერყეობს 11%-70%-ში
ჩანაცვლებით თერაპიის მიმღებ პირებს შორის. 2013 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში არასამედიცინო დანიშნულებით გამოყენებული იქნა 1.5 მილიონი ანალგეზიური საშუალება, 1.2 მილიონი
ტრანკვილიზატორი, 603 ათასი სტიმულანტი და 128 ათასი სედატიური საშუალება. შესაწვლილი იქნა
ფსიქოაქტიური საშუალებების არასამედიცინო მიზნით გამოყენებისა და სუიციდის მცდელობებს შორის
კავშირი. გამოკვლეული მოზარდების 7.5%-ს არადანიშნულებისამებრ ჰქონდათ გამოყენებული
ოპიოიდები, ხოლო 4.8%-ს სედატიური საშუალებები. გამოიკვეთა ოპიოიდების და სედატიური
საშუალებების არასამედიცინო მიზნით გამოყენების კავშირი დეპრესიის სიმპტომებთან, ძილის
დარღვევებთან, თვითდაზიანებების მიყენებასთან, სუიციდურ იდეებთან და სუიციდურ მცდელობებთან.
საქართველოში, გამოკითხულ მამაკაცების 10.8%-მა და ქალების 9.6%-მა განაცხადა, რომ ცხოვრებაში
ერთხელ მაინც მიუღიათ ფსიქოტროპული საშუალებები (სედატიური საშუალებები/ტრანკვილიზატორები) ექიმის დანიშნულების გარეშე. გამოკითხული 400 რესპოდენტისგან, რომელთაც
ფსიქოტროპული საშუალებები ექიმის დანიშნულების გარეშე ჰქონდათ მიღებული, 169 მონაწილის
შემთხვევაში ფსიქოტროპული საშუალება შეძენილი იქნა აფთიაქში. გამოკითხულ მოსწავლეთა 12%
ტრანკვილიზატორებს/სედატიურ საშუალებებს მიიჩნევს ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ საშუალებად
ნარკოტიკული თრობის მისაღწევად, 11% მოიხმარს ფსიქოტროპულ საშუალებებს ექიმის დანიშნულების
გარეშე, 25%-მა აღნიშნა, რომ მათი მეგობრები იღებენ ტრანკვილიზატორებს ან სედატიურ საშუალებებს
ექიმის დანიშნულების გარეშე. ფსიქიკური დაავადებები ქმედითუუნარობით დაკარგული ჯანმრთელი
დღეების რიგით მეორე მიზეზს წარმოადგენს. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება იწვევს
ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გვერდით ეფექტებსა და სოციალურ პრობლემებს. დეპრესიული,
შფოთვითი და ნეიროფსიქიატრიული აშლილობების სწრაფად მზარდი ტენდენცია მსოფლიოში, ბოლო
ათწლეულში, მათი ეკონომიკურად ყველაზე მძიმე დაავადებებად დასახელების წინაპირობას განსაზღვრავს. გამომდინარე იქედან, რომ განსაკუთრებული რეგულაციების შემუშავებას ჭირდება ეკონომიკური
და სოციალური ხარჯების დათვლა, მართებულია, არსებობდეს ნივთიერებათა ბოროტად გამოყენებასთან
დაკავშირებული ხარჯების დასაბუთებული შეფასებები. პრობლემის აქტუალურობის მიხედვით, ჩვენი
კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერებების არასამედიცინო მიზნით
გამოყენების სოციალური ხარჯის დადგენა, სადაც შედეგები შეფასდება დაავადების მკურნალობის,
პრევენციის, კვლევის, აღსრულების და პროდუქტიულობის დაკარგვის სოციალური ღირებულებით,
რასაც ასევე დაემატება დაკარგული აქტიური წლების ის მაჩვენებელი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო
ფსიქოტროპული ნივთიერებების არასამედიცინო მიზნით გამოყენების არარსებობის პირობებში.
აღნიშნული განხორციელდება რეტროსპექტული კვლევის მეთოდით, არასამედიცინო მიზნით
ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეული ავადობისა და ლეტალური შემთხვევების
პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების აღმავალი მეთოდით დადგენის გზით.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2018 ეთერი შურღაია, ელზა ნიკოლეიშვილი