Abstract
საექთნო საქმე ეხმარება პიროვნებებს, ოჯახებს და ადამიანთა ჯგუფებს განსაზღვრონ და წარმოაჩინონ
მათი ფიზიკური, მენტალური და სოციალური პოტენციალი და შესაბამისად იმოქმედონ ცვალებად
გარემოში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და მუშაობენ (ჯანმო/WHO 1996). ექთნების ნაკლებობა ჯანდაცვის
ერთ-ერთი პრობლემაა. მიუხედევად მოთხოვნის ზრდისა, მიწოდების დონე მაინც ვერ აკმაყოფილებს
საჭიროებებს. ეს არა რომელიმე ქვეყნის ან რეგიონის, არამედ მსოფლიოს პრობლემაა. აშშ-ს შრომის
სტატისტიკის 2009 წლის პროგნოზის მიხედვით 2016 წლისთვის საჭირო გახდა 1 მილიონზე მეტი ექთანი
(BLS- შრომის სტატისტიკის ბიურო, 2009). ექთნების ნაკლებობა მსოფლიოს მასშტაბით
პირდაპირპროპორციულია სამუშაოთი უკმაყოფილებასთან (ბრევერი&სხვანი/Brewer et al.2009). მრავალი
კვლევა ეძღვნება ექთნების დეფიციტის მიზეზების, საექთნო პრაქტიკის გარემო მახასიათებლებისა და
სამუშაოთი კმაყოფილების დონის შესწავლას მთელი მსოფლიოს მასშტაბით (მაჰმუდი & სხვანი/ Makhdoom et al.2003). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO - ჯანმო) და დაავადებათა კონტროლის
და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC ) მონაცემების მიხედვით, 2016 წელს
საქართველოში 1 ექიმზე 0.7 ექთანი მოდიოდა, მაშინ, როდესაც საშუალო ევროპული მაჩვენებელი 3-ზე
მაღალია. 2014 წლიდან საქართველოში კვალიფიციური ექთნებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი კლების
ტენდენციით ხასიათდება. 2016 წელს ექთნებით უზრუნველყოფა 100000 მოსახლეზე 502.8 დაფიქსირდა.
(NCDC საქართველო 2016). ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია ევროპის რეგიონის, ევროკავშირისა და დსთ-ს
ქვეყნების მაჩვენებელებზე. ექთნების პროფესიის მიმართ დამოკიდებულება და პროფესიით
კმაყოფილება გარკვეულწილად განსაზღვრავს პროფესიის არჩევის მსურველთა რაოდენობას. სხვადასხვა
ლიტერატურამ და ინფორმაციამ ცხადყო, რომ საქართველოში ექთნების დეფიციტი ჯანდაცვის სფეროში
მნიშვნელოვანი განხილვის საგანია. საქართველოში ექთნების რაოდენობის ექიმების რაოდენობასთან
შეფარდება უკანასკნელი წლების განმავლობაში ხაზს უსვამს საკითხის აქტუალურობას. (NCDC
საქართველო 2016).
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2018 ნათიკო ოყუჯავა