Abstract
წითელა მაღალკონტაგიოზური - გადამდები ვირუსული ინფექციაა. ვირუსის გადაცემა ხდება ჰაერწვეთოვანი (ჰაეროვანი/აეროგენული) გზით. დაავადების გამომწვევ ვირუსთან კონტაქტის შემდეგ
ავადდება სპეციფიკური იმუნიტეტის არმქონე ინდივიდების 90%-ზე მეტი (NCDC). ჯანმრთელობის
მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2014 წლის მონაცემებით, მსოფლიოში წითელასთან დაკავშირებული
იყო 114 900 სიკვდილის შემთხვევა, რომელთაგან უმრავლესობა იყო 5 წლამდე ასაკის ბავშვი. მიუხედავად
დროული და ადეკვატური ღონისძიებებისა მსოფლიოში წითელასთან დაკავშირებული ავადობა,
სიკვდილიანობა და ინვალიდობა ჯერ ისევ საკმაოდ მაღალია. წითელას პრევენცია ვაქცინაციის გზით
შესაძლებელი 1960 წლიდან გახდა, მნიშვნელოვნად შემცირდა ავადობაც და ლეტალობაც, თუმცა
დაავადებას ჯერაც წამყვანი ადგილი უკავია გლობალურ სიკვდილიანობასა და ავადობაში. იმუნიზაციის
ღონისძიებებს განსაკუთრებული როლი აქვს წითელათი გამოწვეული ავადობის შემცირებაში.
ვაქცინაციის დანერგვამდე განვითარებად ქვეყნებში ყოველწლიურად წითელათი ავადდებოდა
დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი, ხოლო 1 მილიონი ადამიანი იღუპებოდა. ბოლო წლების
განმავლობაში წითელასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 84%-ით შემცირდა (WHO, 2017). წითელას
შემთხვევების წილის მნიშვნელოვანი მატება აღირიცხება უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში.
სსიპ. ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრის მონაცემებით ბოლო წლებში წითელას შემთხვევების 50%-ზე მეტი 15 წელზე მეტი
ასაკის პირებში გვხვდება, რაც განპირობებულია წარსულში მიზნობრივი კონტინგენტის აცრებით
არასრული მოცვით. 2018 წლის მონაცემებით ქვეყანაში სახეზეა შემთხვევათა რაოდენობის მკვეთრი
ზრდა, მათგან უმრავლესობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იქნა გამოვლენილი და აღრიცხული.
დაავადებულ პირთა 37% 5 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის, ხოლო 20-44 წლის ასაკობრივ
კონტინგენტზე მოდის შემთხვევათა 38% (საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული
რეკომენდაცია, გაიდლაინი, 2017). წითელას ინციდენტობის კვლევა საქართველოში ხაზს უსვამს
პრობლემის აქტუალურობას განსაკუთრებით იმ ასაკობრივ ჯგუფში, რომელსაც მიეკუთვნებიან
სტუდენტები (NCDC &PH, 2018). კვლევის მიზანია შ.პ.ს. ”საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტთა
პოპულაციაში წითელას შესახებ ინფორმირებულობის დონის შესწავლა, იმ საკითხების გამოკვეთა, რაც
იწვევს ამ ასაკობრივ ჯგუფში დაბალ მოცვას და შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2018 ანა მოლაშხია