Abstract
ტრავმატიზმი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ძალადობისა და სხვადასხვა ტიპის დაზიანების შედეგად, ყოველწლიურად 5 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. მოსახლეობის კიდევ უფრო დიდი ნაწილი კი სხეულის სხვადასხვა ნაწილის არაფატალურ დაზიანებას იღებს. მათ შორის სიმპტომებისა და უნარშეზღუდულობის ფორმების მრავალფეროვნებით გამოირჩევა თავის ტვინის ტრავმული დაზიანება. კვლევებმა ცხადყო, რომ თავის ტვინის ტრავმული დაზიანება მთელ რიგ ნევროლოგიურ და კოგნიტურ დარღვევებს იწვევს. ფსიქიკური დარღვევები უპირატესად ტრავმული ეპიზოდიდან პირველი 12 თვის განმავლობაში ვლინდება. ფსიქიატრიულ პრაქტიკაში, უპირატესად ქალა-ტვინის ტრავმის მქონე პაციენტთა 2 ჯგუფი გვხვდება: 1) გამოხატული კოგნიტური და ქცევითი აშლილობებით; 2)პიროვნული და აფექტური პათოლოგიებით. მდგომარეობის პროგნოზი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული პრემორბიდულ პიროვნულ მახასიათებლებზე, კომპენსატორულ მექანიზმებსა და სოციალურ თანადგომაზე (Gelder et al.2005). ტვინის ტრავმული დაზიანების მქონე პაციენტებში ვლინდება სხვადასხვა სიმპტომები: შფოთვა, გაღიზიანებადობა, ადვილად დაღლა, თავის ტკივილი, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ინსომნია და დეპრესია. სიპტომების ხანგრძლივობა და სიმწვავე ინდივიდუალურია, ხოლო მკურნალობის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია სათანადოდ შეფასდეს ნეიროფსიქიატრიული პრობლემები და ამ პრობლემების შესაძლო მოსალოდნელი შედეგები. არანაკლებ მნიშვნელოვანია ყოველმხრივი სოციალური შეფასება. თავის ტვინის ტრავმული დაზიანებით განპირობებული ფსიქიკური დარღვევები წარმოადგენს უნარშეზღუდულობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს. მაგალითად, დეპრესია, რომელიც ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური გართულებაა, რაც ვლინდება შემეცნებითი ფუნქციის დარღვევით, სუიციდის მაღალი მაჩვენებლით, აგრესიით. ყოველივე ჩამოთვლილი კი განაპირობებს გაზრდილ დანახარჯებს ჯანდაცვაზე. აღნიშნული სიმპტომები უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ინტერპერსონალურ, ოკუპაციურ და სოციალურ ფუნქციონირებაზე, შესაბამისად პრობლემა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საზღვრებს სცდება. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ხაზს უსვამს გრძელვადიანი მონიტორინგის მნიშვნელობას ტვინის ტრავმული დაზიანების მქონე პაციენტებში. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (აშშ) პროექტის „საერთაშორისო თანამშრომლობა ევროპაში თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ზედამხედველობის გაზრდის მიზნით“ (International Collaboration to increase Traumatic Brain Injury Surveillance in Europe) ფარგლებში საქართველოში თსუ მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ბაზაზე მიმდინარეობს ტვინის ტრავმული დაზიანების ეპიდემიოლოგიური კვლევა, რაც საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ ტვინის ტრავმული დაზიანების ზედამხედველობის არსებული მდგომარეობა და დავსახოთ გაუმჯობესების და დაავადების პრევენციის ეფექტური ღინისძიებები.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2018 ეკა ბურკაძე, ნინო ჩიხლაძე