Abstract
სურსათის მოხმარება ადამიანისათვის აუცილებელი, ბუნებრივი მოთხოვნილებაა. იგი ადამიანის ბიოლოგიური
არსებობის საფუძველია. სამაგისტრო ნაშრომში განხილულია სსიპ „ლ. საყარელიძის სახელობის დაავადებათა
კონტროლის ეროვნული ცენტრი“- ს მიერ 2013–2016 წლებში შუალედური ანგარიში ყოველწლიური ფორმა IV–03–
ის მონაცემები და სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“-ს მიერ 2013-2017 წლებში მოხმარებული სასმელი წყლითა და საკვები პროდუქტებით გამოწვეული ინტოქსიკაციების მონაცემები (აღნიშნულ მონაცემებს მიეკუთვნება -
დკც-დან შემოსული შეტყობინებები სეს-ში და სააგენტოს ცხელ ხაზზე მოქალაქეების მიერ დატოვებული
შეტყობინებები). კვლევისთვის შერჩეულ იქნა თორმეტი ის დაავადება, რომლებიც უმეტესწილად უკავშირდებიან
სასმელი წყლით და საკვები პროდუქტებით გამოწვეულ დაავადებებს. სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის დროს
განხორციელდა კვლევისთვის საჭირო მონაცემების შეგროვება, სტატისტიკური დამუშავება, აღწერა, შედარება და
ანალიზი. გამოთვლილ იქნა თითოეული დაავადების ასაკისთვის სპეციფიური მაჩვენებლები (ai), წლოვანებით
სტანდარტიზებული მაჩვენებლები (ASR) და დაავადების სტანდარტიზებული მაჩვენებლების შეფარდება (SRR).
კვლევის შედეგად დადგენილი იქნა საქართველოში 2013-2017 წლებში მოხმარებული სასმელი წყლითა და საკვები
პროდუქტებით გამოწვეული ავადობის სტრუქტურა: რანგით I ადგილი აღნიშნულ წლებში ეკავა სავარაუდო
საკვებისმიერ ინტოქსიკაციას (1,081.7%000), II- სავარაუდო საკვებისმიერ მოშხამვას (829.1%000), III- შიგელოზს
(29.6%000), IV - ბრუცელოზს (5.6%000), V - სალმონელოზს (4.6%000), VI - ექინოკოკოზს (4.2%000), VII - A ჰეპატიტს
(2.4%000), VIII - E ჰეპატიტს (1.8%000), IX - ჯილეხს (1.6%000), X - ენტეროჰემორაგიული ეშირიხიოზს (0.9%000), XI -
ბოტულიზმს (0.4%000) და XII - ტრიქინელოზს (0.07%000). საქართველოში სავარაუდო ინფექციური წარმოშობის
დიარეებს, სასმელი წყლითა და საკვები პროდუქტებით გამოწვეული ავადობის სტრუქტურაში ეკავა რანგით I
ადგილი და მათმა სიხშირემ დინამიკაში 2013 წლიდან 2015 წელს SRR-ის მიხედვით მოიმატა 2-ჯერ, ხოლო 2015-
2016 წლებში აღინიშნა ამ დაავადების სიხშირის კლების ტენდენცია. სავარაუდოდ ინფექციური წარმოშობის
დიარეები განსაკუთრებით მაღალი სიხშირით გვხვდება 0-4 წლის ასაკის ბავშვებში (5,000%000). აღნიშნული შემთხვევების უმრავლესობა გამოწვეულია ჯგუფური კვებითი ინტოქსიკაციით და საკვები პროდუქტების ხარისხთან
ერთად ძირითადად უკავშირდება სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებების კვების ობიექტებში არსებულ
სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას. სურსათით და სასმელი წყლით გამოწვეულ დაავადებებს შორის სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვებს ეკავა რანგით მეორე ადგილს. მათი სიხშირის ზრდა შესაძლოა გამოწვეული იყოს
იმით, რომ სურსათის მწარმოებლებისა და რეალიზატორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და სავარაუდოდ, ვერ ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი ბიზნესოპერატორების უმეტესობასთან. საქართველოში
მოხმარებული სასმელი წყლითა და საკვები პროდუქტებით გამოწვეული ავადობის სტრუქტურაში ხუთი ყველაზე
გავრცელებული დაავადებიდან ოთხი დაავადება (სავარ. საკვებისმიერი ინტოქსიკაცია და მოშხამვა, შიგელოზი და
სალმონელოზი) ყველაზე მეტად გავრცელებულია 0-4 და 5-14 წლის ასაკობრივ ჯგუფებში. შესაბამისად, უფრო
მეტად უნდა გამკაცრდეს სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებისა და მათი კვების რაციონის, საკვების ხარისხისა და არსებული დაწესებულებების (ბაგა-ბაღი, სკოლა) სასადილოებში ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლი.
საქართველოში სურსათითა და სასმელი წყლით გამოწვეული ხუთი ყველაზე გავრცელებული დაავადებიდან
ორი, კერძოდ ბრუცელოზი და სალმონელოზი გავრცელებულია 20-59 წლის მოსახლეობის ასაკობრივ ჯგუფის იმ
პირებში, რომლებსაც შეხება აქვთ მეცხოველეობასთან და მეფრინველეობასთან. შესაბამისად, აღნიშნული დაავადებების პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების
წარმოების ყველა ეტაპზე. მოსახლეობის ჯანმრთელობის პროტექციის მიზნით საჭიროა დაჩქარდეს იმ ქმედითი
ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობის შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესე
-ბას, უსაფრთხოების სტანდარტების საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, რისკების შეფასებისა და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტისა თუ მონიტორინგის სისტემების ორგანიზებას.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2018 Vazha Nebieridze