Abstract
ტრავმატიზმი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან პრობლემას და სიკვდილიანობისა და შეზღუდული შესაძლებლობების განმაპირობებელ ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით. ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული უნარშეზღუდულობა, ხშირ შემთხვევაში, გრძელდება სიცოცხლის ბოლომდე. ტრავმა და ძალადობა უდიდეს ტვირთად აწვება, როგორც მთლიანად საზოგადოებას, ისე მის თითოეულ წევრს. გარდა მნიშვნელოვანი ადამიანური დანაკარგისა, რაც აისახება ნაადრევ სიკვდილიანობასა და შეზღუდული შესაძლებლობების შედეგად დაკარგულ წლებში, ჯანდაცვის ყოველწლიური დანახარჯების სოლიდური ნაწილი დაკავშირებულია სწორედ ტრავმატიზმთან. ვინაიდან ტრავმატიზმი განსაკუთრებით გავრცელებულია ახალგაზრდა, აქტიური შრომის წლებში მყოფ ადამიანებში, დაკარგული პროდუქტიულობის სახით ზიანი ადგება საქართველოს კეთილდღეობას და განვითარებას. ხშირ შემთხვევაში, ტრავმატიზმი გასაგები, პროგნოზირებადი და პრევენცირებადი მოვლენაა. ბოლო წლების განმავლობაში, რიგ ქვეყანაში საგრძნობლად შემცირდა ავტო-საგზაო შემთხვევების რაოდენობა, რაც მიუთითებს სიკვდილიანობისა და დაზიანებების თავიდან აცილების რეალურ შესაძლებლობაზე. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ტრავმატიზმის პრევენციის ეფექტური პროგრამების შემუშავებისთვის აუცილებელ პირობას ხარისხიანი მონაცემების არსებობა წარმოადგენს. თუმცა, მხოლოდ მშრალი სტატისტიკური მონაცემები არ არის საკმარისი საფუძველი პრევენციული პროგრამების დაგეგმისათვის. სტანდარტულად დარეგისტრირებული მონაცემები არასაკმარის ინფორმაციას გვაწვდიან იმ გარემოებებზე, რომელთა აღმოფხვრა ან ცვლილება ხელს შეუწყობს ტრავმული დაზიანებების ახალი შემთხვევების თავიდან აცილებას. ტრავმის ტიპისა და სიმძიმის ხარისხის დიდი ვარიაციის გამო, ტრავმატიზმის გავლენის შეფასება და გაზომვა განსაკუთრებით რთულ ამოცანას წარმოადგენს. კლასიკურად, ტრავმის ტვირთის შეფასება სიკვდილიანობის მაჩვენებელს ეფუძნება. თუმცა, ტრავმული დაზიანებების შედეგად განპირობებული სიკვდილი, ტრავმატიზმის სტრუქტურის მხოლოდ მცირე ფრაქციას შეადგენს. მნიშვნელოვანია ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც საშუალებას იძლევა შეფასდეს არაფატალური ტრავმატიზმის ტვირთი. სწორედ ამიტომ, სულ უფრო მეტი ქვეყანა აგროვებს ტრავმული დაზიანებების შესახებ მონაცემებს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. 2018 წელს საქართველოს საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში ჩატარდა მცირე მასშტაბის რეტროსპექტული კვლევა ტრავმატიზმის ეპიდემიოლოგიის ტრენდების შესასწავლად. შემთხვევითი შერჩევის პრინციპის გამოყენებით შეირჩა სამედიცინო ბარათები S და T დიაგნოზის კოდებით. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ რეტროსპექტულად შეგროვებული მონაცემები არის არასრული, არ ხდება ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორების იდენტიფიცირება, როგორიცაა დაზიანების მიღების ადგილი, მექანიზმი, საწარმოო ტრავმა, ავტო-საგზაო შემთხვევის ტიპი, განზრახვა, გარემო პირობები, დაზიანების სიმძიმე და სხვა. მონაცემების დიდი ნაწილი მოხვდა კატეგორიაში „უცნობი“. ჩვენს რეალობაში რეტროსპექტული კვლევის მეთოდი ნაკლებად ეფექტურია ტრავმატიზმის ტვირთის შეფასებისა და პრევენციის სტრატეგიების შემუშავებისთვის.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2019 ნინო ჩხაბერიძე, ნინო ჩიხლაძე, მაია კერესელიძე