Abstract
ბავშვთა ტრავმატიზმი, კერძოდ შემთხვევითი ტრავმატიზმი წარმოადგენს ბავშთა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზს მსოფლიოს მასშტაბით 1-19 წლამდე ასაკობრივ კატეოგრიაში. 2016 წელს ჯანმოს-ს მონაცემებით 644,855 15 წლამდე ასაკის ბავშვი დაიღუპა ტრავმული დაზიანების გამო და 30 მილიონამდე ბავშვმა მიიღო არაფატალური ტრავმული დაზიანება. ყოველ წელს აშშ-ში 9 მილიონი ბავშვი და თინეიჯერი ხვდება გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში ამ მიზეზით, ხოლო 225 000 ბავშვი სარგებლობს ჰოსპიტალური მომსახურებით, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 87 ბილიონ აშშ დოლარს. წლების განმავლობაში ბავშვთა ტრავმატიზმის ტვირთი არ მცირდება. ბავშვთა ტრავმატიზმის ტვირთი განსაკუთრების მძიმეა დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებისათვის, რომელთა წილად მოდის მთელი ტრავმული დაზიანების 95 %. სიღარიბე, დაბალი სოციალური სტატუსი, მშობლების განათლების დაბალი დონე, მოსახლეობის სიმჭიდროვე და სხვა, წარმოადგენენ ტრავმული დაზიანებების ხელშემწყობ ფაქტორებს. ამდენად ამ ფაქტორების წინააღმდეგ ბრძოლით, შესაძლებელია ბავშვთა ტრავმული დაზიანების ბევრი შემთხვევის კონტროლირება და თავიდან აცილება. ექსპერტების აზრით საპრევენციო ღონისძიებების დანერგვით ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირდება 75%-ით, ხოლო საყოფაცხოვრებო ტრავმატიზმი 50%-ით. ბავშვთა ტრავმატიზმი არ განიხილება როგორც უბედური შემთხვევა, იგი პრევენცირებადია. საქართველოში, 2018 წელს, ჩატარდა კვლევა ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ICREATE - კვლევის
მოცულობის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში’’ ფარგლებში. კვლევის მიზანია ბავშვებში ტრავმული დაზიანებების ეპიდემიოლოგიური სურათის შესწავლა ქვეყანაში ტრავმატიზმის მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებლის მქონე კლინიკის მაგალითზე. მონაცემები შეგროვდა 2018 წლის 2 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, კლინიკის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის გზით, სპეციალურად შემუშავებული კითხვარის საშუალებით. აღნიშნული კვლევის ფარგლებში შისწავლილ იქნა 287 სამედიცინო დოკუმენტაცია, 87% მიღებული დაზიანებებისა იყო შემთხვევითი ტრავმატიზმის შედეგი. პაციენტთა 2/3 იყო 0-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. ეს ის პერიოდია, როცა ბავშვი მთლიანად დამოკიდებულია გარემოზე, მშობლებსა და მომვლელებზე. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ტრავმულ დაზიანებებს ბავშვები ძირითადად ღებულობენ სახლის პირობებში. დაზიანების ტიპიდან პირველი ადგილი უჭირავს მოწამვლას, რომლის უხშირესი მიზეზებია: ბუნებრივი აირი, ოჯახში არსებული შხამქიმიკატები, წამლები და სხვა. ხოლო ტრავმული შემთხვევის მექანიზმიდან წამყვანი ადგილი უჭირავს ვარდნას, უმეტეს შემთხვევაში სახლში არსებული ავეჯიდან. სკოლამდელ ასაკში აგრეთვე ფიქსირდება სხივისა და იდაყვის ძვლების ამოვარდნილობის შემთხვევები, რომლის უხშირესი მიზეზი არის უფროსების მხრიდან უხეში მოპყრობა. ამდენად, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება ბავშვთა ტრავმატიზმის პრევენციის აქტუალობასთან დაკავშირებით და სწორად შემუშავებული სტრატეგიებით მინიმუმამდე დავიყვანოთ ტრავმული დაზიანებები.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
Copyright (c) 2019 ქეთევან ახობაძე, ნინო ჩიხლაძე, მაია კერესელიძე